არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო. Aljazeera-ს ცნობით, გარდაცვლილი ფეხბურთელის ადვოკატი, მატიას მორია მარადონას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვს. უფლებადამცველი სასწრაფო დახმარების სამსახურს ნელ რეაგირებას უწუნებს. უწყებამ მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი გამოცა და მოსამართლის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ექიმის მფლობელობაში არსებული საკუთრებები გაჩხრიკეს. გამოძიების ფარგლებში, ფეხბურთელის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამოკითხვაც იგეგმება.

"მე ვიცი რა და როგორ გავაკეთე... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რაც გავაკეთე დიეგოსთვის საუკეთესო იყო, რაც შემეძლო გამეკეთებინა", — უთხრა მარადონას ექიმმა ჟურნალისტებს.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო.

ნოემბრის დასაწყისში უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენმა თავის ტვინზე ოპერაცია გაიკეთა: მის ჯანმრთელობას თრომბი საფრთხეს უქმნიდა. ასევე, ცნობილი იყო, რომ მარადონა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო აქტიურ რეაბილიტაციას გადიოდა.

დიეგო მარადონა თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში თამაშობდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ასევე ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორიცაა ესპანეთის ბარსელონა და იტალიის ნაპოლი.

მან თავი ყველას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის კარში გატანილი გოლით დაამახსოვრა, რამაც მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა. დიეგო მარადონა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.