გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიცია მის "სახლში შეიჭრა" და მათ მოუწოდებს, ტერიტორია დატოვონ.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ პოლიციას ამ ობიექტში ადრე ფუნქციონირებად შპს-სთან რამე პრობლემა აქვს, უნდა წავიდნენ და საქმე სათავო ოფისში გაარკვიონ, თავად კი "საკუთარ სახლში" ყოფნა აცადონ.

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformerfitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად დღეს იქირავა. როგორც ის აცხადებდა, ადამიანებს, ვისაც ვარჯიში სურდათ, შეეძლოთ, მასთან სტუმრად მისულიყვნენ და ევარჯიშათ.

პოლიცია ფიტნესდარბაზში მას შემდეგ მივიდა, რაც ჯაფარიძემ ტერიტორია დატოვა. Reformerfitness-ის ინვენტარის ამოღება და დალუქვა ამ წუთებში მიმდინარეობს. ფიტნესცენტრთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი და პოლიციის ქმედებებს აპროტესტებენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ Reformerfitnes-ის დირექტორ გიორგი ფუტკარაძეს ინვენტარის ამოღებისა და დალუქვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც, გუშინ, 28 ნოემბერს დააჯარიმეს.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ N322-ე დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.