საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. 11 წლის მომღერალმა, ვალენტინამ, სიმღერით J'imagine და ჟიურისა და მაყურებლისგან მიღებული 200 ქულით საკუთარ ქვეყანას პირველი გამარჯვება მოუტანა.

საქართველომ კონკურსზე 111 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის ქულებით ჩვენმა ქვეყანამ მეოთხე ადგილი მიიღო და ორი უმაღლესი შეფასება — 12 ქულა — დაიმსახურა ესპანეთის და უკრაინის ჟიურისგან. 2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო 10 წლის მომღერალმა, სანდრა გადელიამ წარადგინა. საკონკურსო სიმღერა, სახელად You are not Alone ("შენ მარტო არ ხარ"), გიგა კუხიანიძის და თემო საჯაიას მიერ შეიქმნა.

რიგით მეთვრამეტე საბავშვო ევროფესტივალს პოლონეთმა უმასპინძლა. 2020 წლის კონკურსში მონაწილეობა 12-მა ქვეყანამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, საბავშვო ევროვიზია ნაწილობრივ ვირტუალური ფორმატით გაიმართა — ყველა მონაწილემ საკუთარი საკონკურსო სიმღერა მშობლიურ ქვეყანაში შეასრულა, თუმცა მთავარი შოუ, რომელსაც მცირე რაოდენობის აუდიტორია დაესწრო, ვარშავის სატელევიზიო სტუდიიდან გადმოიცემოდა. მიუხედავად ამისა, ტრადიცია არ დარღვეულა და ეგრეთ წოდებული საერთო სიმღერა მონაწილეებმა კვლავ ერთად შეასრულეს.

საბავშვო ევროვიზიის 2020 წლის სლოგანი Move the World (აამოძრავე მსოფლიო) იყო, რაც ერთგვარი მოწოდებაა ყველა ადამიანისათვის, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამყაროს განვითარებაში. ამ თემატიკის დატვირთვა ჰქონდა პოდკასტებსაც — სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან. საქართველოს პოდკასტში სანდრასთან ერთად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც გამოჩნდა.