2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ქვიარ აქტივისტი, მარიამ ქაჯაია გახდა.

მარიამი წლების განმავლობაში ჩართულია როგორც აქტივისტურ, ისე უფლებადაცვით საქმიანობაში. ამჟამად მუშაობს იდენტობის რეგიონულ ოფისში, ბათუმში. მისი სამუშაო არეალი ფოკუსირდება ქვიარ ჯგუფის და განსაკუთრებით, მოწყვლად ქალთა საჭიროებებზე აჭარის რეგიონში.

პრემიაზე მარიამ ქაჯაიას წარმდგენის ინფორმაციით, მარიამი სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ფემინისტი აქტივისტი და მოაზროვნეა და ბოლო წლების განმავლობაში მისი უანგარო შრომა ადგილობრივად ქვიარ ჯგუფის გაძლიერებისთვის და ქალთა საჭიროებების გამოკვეთისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო.

"მისი ფემინისტური/სოციალური სამართლიანობის ბრძოლა ერთდროულად პერსონალურიც არის და საზოგადოც, თეორიულიც და პრაქტიკულიც, ადგილობრივ საჭიროებას მორგებულიც და ფართო პრობლემაზეც მიმართული. ამავე დროს, მისი შრომა კაპილარულია და არა ზედაპირული. ის თანაბრად ცდილობს მისი რესურსების ფარგლებშიც და მის მიღმაც, მხარდაჭერა გამოუცხადოს ნებისმიერ იმ ჯგუფს, რომელიც მას საჭიროებს, იქნება ეს ქვიარ ჯგუფი, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალები თუ უსამართლო შრომითი პირობებით დაზარალებული ბათუმის მაცხოვრებლები, რასაც ის, არა უბრალოდ სერვისის გაცემით, არამედ "თანაგაზიარებული ზრუნვის" მეთოდოლოგიით აკეთებს", — წერს პრემიაზე მარიამის წარმდგენი.

წელს კატო მიქელაძის პრემიაზე 13 ქალი იყო წარდგენილი.

პრემია ქალთა ფონდმა 2013 წელს დააწესა და ის ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა.

ქალთა ფონდის მიხედვით, კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისება.

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელს — მარინა თაბუკაშვილი — ქალთა ფონდის ტასო გენერალური დირექტორი; 2015 წელს — ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება; 2016 წელს — ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი; 2017 წელს — ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაცია ქალები რეგიონის განვითარებისთვის დამფუძნებელი; 2018 წელს — ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე, ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკაშვილს; 2019 წელს — ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტი და ამჟამად On.ge-ს მთავარი რედაქტორი.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.