ამ წუთებში ფიტნესცენტრ Reformerfitness-ის ინვენტარის ამოღება და დალუქვა მიმდინარებს. პოლიციის წარმომადგენლები ფიტნესცენტრში იმყოფებიან. მათ Reformerfitnes-ის დირექტორ გიორგი ფუტკარაძეს ინვენტარის ამოღებისა და დალუქვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც, გუშინ, 28 ნოემბერს დააჯარიმეს.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ N322-ე დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ფიტნესი და საცურაო აუზები დაიხურა. გარდა ამისა, საბჭომ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, გადაადგილებას, ბაზრობებსა და ბაღებს ეხება. შეზღუდვები რამდენიმე ეტაპადაა დაწესებული და გათვალისწინებულია ე.წ. შემსუბუქების პერიოდი.