ყოფილი ძალოსანი და ცნობილი ბრიტანელი მსახიობი დეივ პროუზი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა აგენტმა, თომას ბოუინგტონმა გაავრცელა:

"როგორც ჩვენი, ისე მილიონობით ფანის ღრმა მწუხარებით გულგატეხილი გაცნობებთ, რომ ჩვენი კლიენტი დეივ პროუზი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა", — განაცხადა თომას ბოუინგტონმა.

ამ ბრიტანელ მსახიობს მაყურებელი ყველაზე კარგად ვარსკვლავური ომების ორიგინალ ტრილოგიაში შესრულებული როლით იცნობს: მან ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ანტიგმირი — დართ ვეიდერი განასახიერა.

დეივ პროუზი ცნობილი ბოდიბილდერი იყო, რომელიც ხშირად ასრულებდა სხვადასხვა პროექტში მონსტრებისა თუ ანტაგონისტების როლებს. რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა ვარსკვლავური ომების ფილმებისთვის ის ორი პერსონაჟის, ვეიდერისა და ჩუბაკას როლის კასტინგზე მიიწვია, თუმცა პროუზმა არჩევანი ვეიდერზე შეაჩერა. როცა ჰკითხეს, თუ რატომ, მან ასე უპასუხა: "ყველას ბოროტმოქმედი უფრო ამახსოვრდება".

პიტერ მეიჰიუ (მარცხნივ) და დევიდ პროუზი (მარჯნივ) 1999 წელს. მათ ვარსკვლავურ ომებში ჩუბაკა და დართ ვეიდერი განსახიერეს.

ფოტო: Shutterstock

დევიდ პროუზი 1935 წელს ბრისტოლში დაიბადა და მსახიობობასთან ერთად მას ძალიან წარმატებული სპორტული კარიერაც ჰქონდა: ძალოსნობის ეროვნულ ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთში.

მართალია, მას ყველაზე დიდი წარმატება ვეიდერის როლმა მოუტანა, თუმცა თავად ყველაზე მეტად Green Cross Man-ის ტიტულით ამაყობდა, რომლითაც ბრიტანეთში უსაფრთხო მგზავრობის კამპანიაში იყო ჩართული. ამის გამო მას 2000 წელს ბრიტანეთის საპატიო ჯილდო გადასცეს.