შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს.

"მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე", — აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მათივე ცნობით, დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს შეუძლიათ მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული წესითაა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

შსს-ს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მზა დოკუმენტის გაცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოხდება. სააგენტოში, ამასთანავე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს არ მიმართღონ, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, გარეშე პირების თანხლებისაგან თავი შეიკავონ.

29 ნოემბრის მონაცემებით, საქართელოში კორონავირუსი 4 426 პაციენტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 110 049 ადამიანი, გარდაიცვალა — 35.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 132 368-ს შეადგენს, ჯამში გამოჯანმრთელებულდა 110 049-მდე, გარდაიცვალა — 1 230.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: