საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან. მათი განმარტებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ შესაძლოა, ასახავს მათ მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ არ ასახავს შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საუბრისას არ განხილულა კოვიდ 19-ის ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები.

"მით უმეტეს არ "დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას", — აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.

"დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად", — წერია მათ განცხადებაში.

მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ იყო საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებას ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში პროტესტი მოყვა. ენმ-ს და ევროპული საქართველოს ლიდერბმა, პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნამგალი და ურო დახატეს და მონებო დაწერს. აქციაზე დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენები განხილვის საგანი არ ყოფილა და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.