ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის შეკრების პირველ დღეს სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ფართომასშტაბიან აქციებს არ ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები განმარტავენ, რომ ისინი პარლამენტთან შეიკრიბებიან და 3 დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, პირველ დოკუმენტში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაყალბდა და გააჟღერებენ ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ დღეს, როცა შეიკრიბება მეათე მოწვევის კომუნისტური პარტია უფლებამოსილების ცნობისთვის, არ გავმართავთ აქციას. ყველა ის ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ვაჟღერებთ 31 ოქტომბრის შემდეგ", — განაცხადა უდუმაშვილმა.

ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, მეორე დოკუმენტით უარს იტყვიან დეპუტატის უფლებამოსილებაზე.

"მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს. თითოეული ასეთ ადამიანი იქ საჯაროდ მოაწერს ხელს", — განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხხება მესამე დოკუმენტს, ოპოზიცია პარტიულ სიებს ჩახსნის, რის საფუძველზეც ვეღარ მოხდება უფლებამოსილებაზე უარისმთქმელი დეპუტატების ჩანაცვლება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინია.