ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია 20 ივნისზე და ოპოზიციის პროტესტი "შეთანხმებულ ქმედებას" ჰგავს. მისი აზრით, რუსეთისა და გრიგორი კარასინის ინტერესებშია, შეინარჩუნოს დაძაბულობა ქართულ პოლიტიკურ ველზე.

"თითქოსდა, შეთახნმებული ქმედებასავით წარმოჩინდა კარასინის განცხადება და იმ წუთში მათ სასარგებლოდ იმ პოლიტიკური ძალების აღზევება, რომლებიც სერიოზული დამნაშავეები არიან იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ასე, რომ, აი, ეს შეთამაშებული ქმედებები სწორედაც სხვა რამეზე მიუთითებს", — განაცხადა მან.

ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 20 ივნისი არა ნაციონალისტების პროტესტია, როგორც ამას რუსეთი წარმოაჩენს, არამედ ოპოზიციის მხრიდან შტურმის მცდელობა.

"რეალობაში ლოგიკურადაც რომ დავუფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ქართულ მხარეს თავის დადანაშაულება ისედაც რთულ ვითარებაში. რაც შეეხება რუსეთს, აწყობს ეს განცხადება, თითქოსდა იქ საუბარი იყო ქართველს ნაციონალისტებზე, რომლებიც არ არსებობენ და 20 ივნისის მოვლენები ჩვენ არაერთხელ და ძალიან სიღრმისეულად განვმარტეთ, რაც იყო და რასაც აპირებდა გარკვეული ჯგუფი ოპოზიციისა. კარასინთან გასარჩევი თემა ეს ისედაც არ არის", — განაცხადა მან.

ევროპული საქართველოსა და ენმ-ს ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ, აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.

"დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად", — წერია მათ განცხადებაში.

მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ არის საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე უარყოფს, რომ კარასინთან შეხვედრისას 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს. მისი თქმით, ეს რუსული მხარის ინტერპრეტაციაა.

"კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი — "დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", — აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

გაიგეთ მეტი: