გირჩში აცხადებენ, რომ ამომრჩევლისთვის დაპირებულ ტესლას ავტომობილებს ვეღარ გაათამაშებენ, რადგან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან.

"სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.

ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ტესლას ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ", — წერია პარტიის განცხადებაში.

გირჩში უარს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე და განმარტავენ, რომ პარტია ისედაც, არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაშიც არ მოითხოვდა ამ თანხას, რადგან მიაჩნია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გაუქმდეს. საბიუჯეტო დაფინანსების საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსება ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 14 პარტიას ეკუთვნის, რომელთაგან მისი მიღება ცხრამ მოითხოვა. ეს პარტიებია:

  • ქართული ოცნება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • კანონი და სამართალი.

დაფინანსების მოთხოვნით, ცესკოსთვის არ მიუმართავს ხუთ პარტიას:

  • გირჩი;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • ლელო;
  • მოქალაქეები;
  • პატრიოტთა ალიანსი.

გაეცანით პარტიების პოზიციებს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: