საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ნამგალი და ურო დახატეს. ამ ფორმით, ევროპული საქართველოსა და ენმ-ს ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ, აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / ელენე ხოშტარია / FB

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.

"დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად", — წერია მათ განცხადებაში.

მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ არის საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.

სახელმწიფო უწყებებთან მისულ აქტივისტებს პოლიცია ხელს უშლიდა და სტენსილის დახატვის უფლებას არ აძლევდა. ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ პარლამენტის უკანა მხარეს მდებარე რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც დროებითი კედელია ლოგოს დახატვის უფლება არ მისცეს.

დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ იძულებით დაატოვებინა ტერიტორია რამდენიმე აქტივისტს, სავარაუდოდ, ისინი დააკავეს. ინფორმაციას On.ge შსს-ში გადაამოწმებს.