პროექტით მეცნიერება კაპიტანია საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.

2005 წლიდან დღემდე ევროპელ მკვლევართა ღამე მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მეშვეობით. ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს მეცნიერების მრავალფეროვნება და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აგრეთვე, აამაღლოს ინტერესი კვლევასთან დაკავშირებული პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

"საქართველო უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ჰორიზონტი 2020-ისა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და შრომის ბაზრის განვითარებას, დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ევროკავშირთან", — განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

2020 წლის 27 ნოემბერს, ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დააჯილდოვეს ჰორიზონტი 2020-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მეცნიერები და მკვლევარები. მათ შორის:

  • ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი;
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი;
  • ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა;
  • საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA);
  • სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი.

"დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ევროკავშირს, საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერისთვის. ეს ღონისძიება ახალ ასპარეზს უქმნის ჩვენს მეცნიერებს ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მეცნიერების განვითარება უაღრესად მნიშნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა", — განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

27-28 ნოემბერს პროექტის მეცნიერება კაპიტანია ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ტარდება.