ვიცე პრემიერის მაია ცქიტიშვილიის თქმით, დღეს სხვადსხვა სავაჭრო ცენტრებში შავი პარასკევის გამო შექმნილი ხალხმრავლობა, უახლოეს დღეებში სტატისტიკაში აისახება. მან ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება შედეგი და სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება ურყოფითი დინამიკა ვირუსის გავრცელების ნაწილში. ისევე როგორც რეალობაა, რომ იმ ხალხმრავალ პოლიტიკურ აქციებს და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ის ტარდებოდა წესების დაცვის გარეშე, ჰქონდა უარყოფითი გავლენა ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე, რომელიც გვაქვს დღეს", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. 3 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან სულ ქვეყანაში 123 470 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 102 270 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა — 1 161.