ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, იყო თუ არა, ზაფხულში ბათუმის არ ჩაკეტვა ჯანდაცვის სისტემის ხარვეზი. როგორც ის ამბობს, იმ პერიოდისთვის მათთვის ეკონომიკას ჰქონდა "ფასი" და არც მასშტაბური შეზღუდვების გამოცხადების საფუძველი არსებობდა.

"როცა ეს კითხვა მესმის, ძალიან ხშირად მინდა დავბრუნდე, პირობითად, 24 აგვისტოს, გამოვიდე ინიციატივით, რომ ბათუმი უნდა ჩაიკეტოს და მოვისმენდი ამ ექსპერტების აზრს და რეაგირებას. მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გამოვიწვევდით გაცილებით უფრო მეტ კრიტიკას, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით. ჩვენ ვიყავით ყოველთვის თანმიმდევრულები, გვქონდა შეწონილი ყველა რისკი. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის საშუალება მიგვეცა მოზომილი რეგულაციებით, ასევე, არაერთი გაფრთხილებით მიგვენიშნებინა, საჭიროა ყველა ზომის დაცვა, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ეკონომიკური აქტივობა", — განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

ამავე თემაზე: