შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მცხეთაში მიმავალი მანქანა მტკვარში 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

"პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.