ახალზელანდიელმა მომღერალმა, ლორდმა, ანტარქტიდის კონტინენტზე სტუმრობის შემდეგ კლიმატის კრიზისზე გულმობჯენილი განცხადება გააკეთა.

ახალგაზრდა ხელოვანის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებები და ქმედებები, კალიფორნიის ხანძრები და გრეტა თუნბერგი მიზეზი გახდა, რატომაც გადაწყვიტა ყინულოვანი კონტინენტის მანამ მონახულება, სანამ იგი "ჭყაპად" იქცევა.

ჟურნალ Metro-ში გამოქვეყნებულ ესეში ლორდმა თავისი მოგზაურობის შესახებ შექმნილი წიგნის, სახელად სამხრეთისკენ სვლა, გამოცემა დააანონსა და აღნიშნა, რომ მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა კლიმატის ცვლილების თემაზე ერთ-ერთი სტუდენტის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელ კვლევას დააფინანსებს.

"კლიმატის ცვლილებაზე გაცხარებულმა მსჯელობამ მომიცვა", — წერს ლორდი, — "ერთი წლით ადრე ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვებას აპირებდა. შემდეგ, აგვისტოში 15 წლის შვედი გოგო, გრეტა თუნბერგი გამოჩნდა და ჩვეულებრივი ბანერით ქვეყნის პარლამენტის წინ დაჯდა, რითაც შემართული ახალგაზრდების მთელი თაობის მობილიზება შეძლო კლიმატის დასაცავი რეფორმების მოთხოვნით.

იმ ზაფხულს, როცა მეგობრებთან ერთად სანაპიროზე მხურვალე მზის ქვეშ ვიჯექი, დაუსახლებელ დედამიწას [დევიდ უოლეს-უელსის წიგნი კლიმატის ცვლილების შედეგებზე] ვკითხულობდი. იმ ფაქტმა, რომ არცთუ შორეულ მომავალში ანტარქტიდა ნელ-ნელა იქცეოდა ჭყაპად და სამხრეთის ოკეანის მოცულობას გაზრდიდა, ჩამაფიქრა. ისევ მომინდა სამხრეთისკენ წასვლა; გამუდმებით ვრეკავდი, იმუნიტეტის გასაძლიერებელი აცრები გავიკეთე და ბოლოს, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა — მეოცნებე მუსიკოსი სამყაროს დასალიერისკენ გაემართა".

ფოტო: chrisontour84 / Shutterstock

ხუთდღიანი ვოიაჟის განმავლობაში მომღერალმა არაერთი მეცნიერი და ექსპერტი გამოკითხა. ლორდი განსაკუთრებით აღაშფოთა ფაქტმა, რომ თავად "უკანასკნელი შანსის მქონე ტურისტულ ადგილზე" იმყოფებოდა — ასე მოიხსენებენ იმ მოსანახულებელ ადგილებს, რომლებიც, შესაძლოა, მალე გაქრეს.

"მოუდრეკელი, დაუმორჩილებელი და მიუსაკუთრებელი ადგილია. ანტარქტიდა დედაშენი არაა. დაცემისას შენს ბალიშად ვერ გამოდგება", — წერს მუსიკოსი, — "ანტარქტიდაზე ყოფნა ყოველთვის სახალისო არაა, უფრო კონკრეტულად. აღმაფრთოვანებელი და ერთგვარი სულიერი გამოცდილებაა, თუმცა რაც უფრო მეტი დღე გადის, მით მეტად მაწუხებს ის აზრი, რომ აქ არ უნდა ვიყო. ეს ადგილი აშკარად არაა ადამიანების სამოსახლოდ განკუთვნილი. დამღლელია ჩემი გამუდმებული მცდელობა, ცოცხალი გადავრჩე ხუთი დღის განმავლობაში, სანამ ეს კონტინენტი ჩემს განდევნას ცდილობს. ანტარქტიდაზე ყოფნამ დამარწმუნა, რამდენად დაუცველი და მიუსაფარი ადგილია იგი".

Lorde-ის სადებიუტო წიგნის გარეკანი.

ლორდმა ასევე აღნიშნა, რომ ანტარქტიდა თავისი მომდევნო ალბომის შთაგონების წყაროდ იქცა, რადგან კონტინენტი ალტერნატიულ რეალობას განასახიერებს.

"ანტარქტიდას ეს გამოარჩევს — კუშტი გარემო მარადიულს ჰგავს, თუმცა უკიდურესად დაუცველია. ცივილიზაციის მომავლისათვის იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა დაუსახლებელი და ზოგიერთისთვის, მიუღწევადიც", — დასძენს მომღერალი, — "ჩემი თვალები ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ კაშკაშა სითეთრეს და მთიდან მთაზე, ჰორიზონტამდე გადაჭიმულ ხორკლიან მირაჟს. აქ ყოველთვის იდუმალი სიჩუმეა — ნიავის ხმაც კი არ ისმით, რადგან მის ქროლას ვერაფერი შეძლებს".

მკვლევრების თქმით, ანტარქტიდა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად ცვალებადი ადგილია ბოლო 30 წლის განმავლობაში — მისი ცენტრალური ნაწილი სამჯერ უფრო სწრაფად გათბა ამ პერიოდში, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსი. თებერვალში კონტინენტზე მის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დადასტურდა — არგენტინულმა კვლევის სადგურმა 18,3 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირა, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელს 0,8 გრადუსით აღემატება.

ანტარქტიდის ნახევარკუნძული — კონტინენტის ნაწილი, რომელიც სამხრეთ ამერიკისკენაა მიმართული — ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ადგილთაგან, სადაც ყველაზე სწრაფად თბება. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით აქ ბოლო 50 წლის განმავლობაში ტემპერატურამ 3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა.

ფოტო: Keri Nelson

ელა მარია ლენი იელიჩ-ო'კონორი, სასცენო ფსევდონიმით ლორდი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსია. ორი გრემის მფლობელი მომღერლის პირველი სტუდიური ალბომი 2013 წელს გამოვიდა, მეორე და ამ დრომდე უკანასკნელი, Melodrama კი — 2017 წელს. ლორდის სადებიუტო წიგნი, რომელიც მისი ნამდვილი და სრული სახელით გამოიცემა, 2021 წელს იხილავს დღის სინათლეს.