თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.

უწყებაში ამბობენ, რომ ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მათივე თქმით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ.

"ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს", — აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების — Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. მათივე თქმით, ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.