ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მისი გეგმები ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც უკავშირდება. ამის შესახებ მან belsat.eu-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ, ტიხანოვსკაიას გუნდი ჯო ბაიდენთან შეხვედრას ვგეგმავთ. უკვე მივიღეთ მისგან მოწვევა, რომ მსგავსი შეხვედრა შედგეს. ახლო მომავალში ვაპირებთ, რომ დიდ ბრიტანეთს ვესტუმროთ, ასევე, ნორვეგიას და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს. ახლა ზუსტად არ მახსვოვს, მაგრამ სიაში აღმოსავლეთის ქვეყნებიც გვაქვს", — აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. მოსახლეობა მას არ აღიარებს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა.