ისედაც ძალიან რთულია ხოლმე, შენს ფისოს რომ რამეზე უარი უთხრა, მაგრამ, აი, ზოგ ოინბაზ შინაურ ცხოველს მაინც რაღაც დამატებითი გზების გამონახვა ეხერხება, რათა პატრონმა სურვილი შეუსრულოს.

გაიცანით მასტერ-პო-პო, რომელსაც უზადოდ შეუძლია, თავისი და, ალბათ, თქვენი სასუსნავებიც დაისაკუთროს. ეს 8 თვის წითური ფუმფულა ფისო ერთი-ერთში იმეორებს შრეკის ანიმაციის ცნობილი ჩექმებიანი კატის უცოდველ გამომეტყველებას — თვალებსაც ისე იცრემლიანებს და თათუკებიც კი ისევე მაიმუნურად აქვს წინ ჩამოწყობილი!

რა ვქნათ, დავმარცხდით:

ფოტო: masterpoepoe / Instagram

ნიდერლანდელმა დებრა დე ასისმა დაახლოებით ერთი თვის წინ შეამჩნია, რომ როცა კი სასუსნავებით ხელში მიდიოდა თავის ფისოსთან, კატა ამ გულისგამაწვრილებელ სახეს იღებდა. ახლა პო-პო უკვე საკმარისად ჭკვიანია და ამ ოინს ყოველ ჯერზე იმეორებს.

"ვცდილობ, გავუძალიანდე და სასუსნავები არ მივცე, რადგან უკვე ცოტათი მოსუქდა", — ამბობს კატის პატრონი და ამატებს, რომ როცა ის სამზარეულოში შედის, სადაც მისი სასუსნავებია, კატა ყოველ ჯერზე ამ ოინს მიმართავს.

"8 კვირის იყო, როცა ავიყვანეთ. ძალიან ცელქი, საყვარელი და ემოციურია. მოფერება უყვარს და ყოველ დილით კნავის, სანამ არ გავიღვიძებთ და ყურადღებას არ მივაქცევთ. თავის თასში წოლა უყვარს. ძალიან ექსპრესიულია და ბევრი სხვადასხვა სახის გამომეტყველების მიღება შეუძლია", — ამბობს დებრა.

ფოტო: masterpoepoe / Instagram

ეს უსაყვარლესი "ჩექმებიანი კატა" TikTok-ზეც გახდა ცნობილი, როდესაც მისმა პატრონმა კატის საოსკარე პერფორმანსს ვიდეო გადაუღო. ვიდეო მალევე გახდა ვირუსული და 150 ათასზე მეტი ნახვა და 700-მდე კომენტარი დააგროვა.

"სანამ ამ ვიდეოს დავდებდი, სულ რამდენიმე ასეული გამომწერი მყავდა, ამიტომ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ხალხს ის უყვარს! უკვე 600-ზე მეტი კომენტარი დაგროვდა, რომელშიც წერენ, თუ როგორი საყვარელია", — თქვა დებრამ.