თბილისში ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით უქმდება. ამის შესახებ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამის მიზეზი ახალი შეზღუდვები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაა.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში",— კალაძე

საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

ამავე თემაზე: