საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით — ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

სუს-ის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე — მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალსა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სისტემატურად ახორციელებდა.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა), 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება. სუს-ში ამბობენ, რომ უწყების კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება.

15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.