მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები მხოლოდ ორ შემთხვევაში იხსნება ახალი წლის ღამეს და შობის ღამეს, 6-7 იანვარს, როცა დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს.

ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, გამონაკლისი ამ თარიღებში იმის გამო დაიშვა, რომ ეს მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეხება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ცქიტიშვილმა განმარტა, რომ სხვა კონფესიების შემთხვევაში, მათ დღესასწაულებზეც ისევე იმოქმედებს, როგორც გაზაფხულზე.

"როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, მაშინაც რელიგიის სააგენტო და საკოორდინაციო საბჭო მჭიდრო კავშირში იყო ამ რელიგიური კონფესიების წამორმადგენლებთან. უკვე საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელზეც მათ აქვთ, რომ აღნიშნონ თავიანთი რელიგიური დღესასწაულები", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, შობის ღამეს გამონაკლისი იმის გათვალისწინებით დაიშვა, რომ ეს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეეხება. მისივე თქმით, ისინი კონტაქტზე არიან სხვა კონფესიებთან, რომ მათი უფლება დაცული იყოს.

"მოგეხსენებათ, რომ არის გარკვეული, იგივე კათოლიკური საზოგადოებით დასახლებული რეგიონი, სადაც უკვე ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი საკოორდინაციო შტაბი მიიღებს ღონისძიებებს, რომელიც იმ რეგიონისთვის არის საჭირო. ეს არის ზედმეტი აჟიოტაჟი. შეიძლება, უფრო დაგვემატებინა მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა ამ საკითხში. თავიდანვე იყო გათვალისწინებული, რომ ეს სისტემა იმუშავებს ისე, როგორც გაზაფხულზე", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

ამავე თემაზე: