წყნარი ოკეანის ერთ-ერთი კუნძულების სანაპიროზე მასობრივი გამორიყვის შემდეგ თითქმის 100 შავი დელფინი დაიღუპა. ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის განყოფილების (DOC) თქმით, ორგანიზაციას ამის შესახებ 22 ნოემბრის შუადღეს შეატყობინეს, რის შემდეგაც მათ ჩატემის კუნძულების ვაიტანგის დასავლეთ სანაპიროზე გამორიყული 97 გრინდა, იგივე შავი დელფინი (მათ ინგლისურად "pilot whales", ანუ "პილოტი ვეშაპები", ეწოდებათ და 1992 წლის ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის რეგულაციებიდან გამომდინარე ვეშაპებად განიხილებიან) და 3 დელფინი იპოვეს.

შავი დელფინებიდან 26 ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა უკიდურესი სისუსტის გამო ბუნების დამცველებს მათთვის ევთანაზიის გაკეთება მოუწიათ.

"იმ მომენტისთვის შავი დელფინებიდან მხოლოდ 26 იყო ცოცხალი, მათგან უმეტესობა ძალიან დასუსტებულიყო და ზღვის მკაცრი პირობებისა და იმის გამო, რომ იქ წყალში, დიდი ალბათობით, ასეთმა მასობრივმა გამორიყვამ თეთრი ზვიგენები მოიზიდა, მათ ევთანაზია გავუკეთეთ", — განაცხადა ბუნების დამცველმა რეინჯერმა ჯემა უელჩმა.

DOC-ის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების სერიოზულმა შეფერხებამ კომუნიკაციას ხელი შეუშალა, რის გამოც რეინჯერების ადგილზე მისვლა დაგვიანდა და გაფრთხილების მიღებიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ მოხერხდა.

ჩატემის კუნძულები ახალი ზელანდიის სანაპიროდან 800 კილომეტრის რადიუსში არსებული 10 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია, რომელზეც დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულების გარშემო არსებული მდიდარი საკვების წყაროების გამო ჩატემის კუნძულები ბევრი წყალქვეშა სახეობისთვის სახლი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ვეშაპებსა და დელფინებს იშვიათად ხედავენ, ეს არეალი შავი დელფინების, კაშალოტების, დინგნისკარტებისა და დელფინების სხვადასხვა სახეობის გამორიყვის ცხელ წერტილად იქცა. 1918 წელს ამ კუნძულებზე ახალი ზელანდიის ისტორიაში შავი დელფინების ყველაზე დიდი გამორიყვა მოხდა და სანაპიროზე 1000-მდე ინდივიდი დაიღუპა.

ბოლო წლებში შავი დელფინების გამორიყვის სიხშირე გაიზარდა, თუმცა მკვლევრები ჯერჯერობით ვერ ადგენენ, თუ ზუსტად რა იწვევს ამას. ცოტა ხნის წინ, სექტემბერში, შავი დელფინების მასობრივი გამორიყვა ავსტრალიაშიც მოხდა, სადაც ტასმანიის სანაპიროზე ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის 480 შავი დელფინი გამოირიყა.

ამ მოვლენის ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა კლიმატის ცვლილება, რომელიც საკვების წყაროებს სანაპიროსთან უფრო ახლოს იზიდავს, სადაც ვეშაპების გუნდი, შესაძლოა, გზას აცდეს ან უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხოს. კლიმატის ცვლილებით განპირობებულმა სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ტალღები, ასევე შეიძლება შავი დელფინების ნავიგაციის სისტემა "მოატყუოს" და მათ აფიქრებინოს, რომ ნაპირიდან უფრო შორს არიან, ვიდრე რეალურად.

სხვა სარწმუნო ვერსიებს შორისაა ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები, ზვიგენებისა და ცელნამგალა ვეშაპების მხრიდან გაზრდილი მტაცებლობა, ასევე ჰიდროლოკატორების სამხედრო წვრთნები, რომლებიც შავ დელფინებს უცნობი ტერიტორიებისკენ დევნის.

ახალ ზელანდიაში შავი დელფინების გამორიყვა იშვიათი რამ არ არის და ყოველწლიურად დაახლოებით 300-მდე ინდივიდი ირიყება სანაპიროებზე. მართალია, ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ გამორიყვების რაოდენობის ზრდა კარგს არაფერს მოუსწავებს დელფინების გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს, ამიტომაც მომავალში ბუნების დაცვის მცდელობების წარმატებისთვის აუცილებელია, დადგინდეს ამ მოვლენების მიზეზი.