ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. ლოკდაუნის ფონზე, ოპოზიციის აქციები გაგრძელდება. უდუმაშვილის თქმით, პროტესტის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ.

"განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის აქციებსაც. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ "ლოკდაუნის" გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება, ძალიან ცდება. ჩვენ ვიმსჯელეთ პირველი სხდომის თაობაზეც, როგორ შევხვდებით ჩვენ პირველ სხდომას. იქნება მუდმივი პროტესტი, მათ შორის მასშტაბური პროტესტებიც განიხილება, მაგრამ შევხედოთ მდგომაერეობიდან გამომდინარე", — განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

კორონავირუსის შემთხვევათა მატების და შეზღუდვების ახალი ტალღის გამო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური მენეჯმენტი და დაზიანდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, ადამიანების ჯანმრთელობა, რაც ვირუსის ფართოდ გავრცელებამ გამოიწვია.

საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე:

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.