შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც ნაქირავებ მანქანას სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია ნივთმტკიცებად", — აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.