სულ უფრო მეტ შვედს შეაქვს ეჭვი კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაში. მათი შიშები ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის რისკთან არის დაკავშირებული.

კვლევითმა ორგანიზაციამ DN/Ipsos, ორიოდ დღის, წინ ახალი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, პანდემიის მეორე ტალღის პირობებში შვედების 82% "მეტ-ნაკლებად" ან "ძალიან" ღელავს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გამტარუნარიანობაზე. მნიშვნელოვნად შემცირდა ხელისუფლების მიმართ ნდობაც — ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 55% შეადგენდა, ხოლო ამჟამად — 42%-ია. ამას გარდა, სულ უფრო მეტი შვედი მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსს არაეფექტიანად ებრძვის. ასეთი ადამიანების რაოდენობა გასულ თვეში 31%-ს შეადგენდა, ხოლო ნოემბრის მაჩვენებელი უკვე 44%-მდეა გაზრდილი.

პანდემიის საწყის ეტაპზე შვედეთის მსუბუქ მიდგომას და კარანტინისგან თავის შეკავებას აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა. ეს ყოველივე კი იმის გათვალისწინებით, რომ სამეზობლოში არსებულ სკანდინავიურ ქვეყნებთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. შედარებით მშვიდი ზაფხულის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა და ჰოსპიტალების შევსება დაიწყო.

სამშაბათის მონაცემებით, ამჟამად შვედეთში რეანიმაციული საწოლების 70% დაკავებულია და აქედან COVID-19-ით დაავადებული პაციენტების რაოდენობა 220-ს შეადგენს. ქვეყანაში სულ 642 რეანიმაციული საწოლია, თუმცა ხელისუფლების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება.

"სრულიად ცხადია, რომ ინფიცირების ზრდისა და სამთავრობო ღონისძიებების ერთობლიობამ საზოგადოებაში არსებული შფოთვა მკვეთრად გაამწვავა", — აღნიშნა Ipsos-ს ანალიტიკოსმა, ნიკლას კალენბრინგმა, .

სამშაბათს, პრემიერმინისტრ სტეფან ლოვენთან გამართულ ბრიფინგზე, შვედეთის საზოგადო ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორმა, იოჰან კარლოსნმა პრეზენტაცია წარადგინა. მისი ვარაუდით, დეკემბრისთვის ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შეიძლება 8 ათასს მიაღწიოს. შედარებისათვის: გასულ კვირაში შვედეთში, საშუალოდ, 4 700 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. კარლსონის აზრით, პიკი შემდეგ თვეშია მოსალოდნელი.

შვედეთის ეროვნული სტატისტიკის სააგენტომ კვირის დასაწყისში აღნიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეულ ზიანს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე. ეს უკანასკნელი აქამდე საუკუნეზე მეტია, რაც უწყვეტად იზრდებოდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შვედეთი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც პანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. აღნიშნულ დასკვნამდე მკვლევარები სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებლების თანაფარდობით მივიდნენ. შვედეთი, ასევე, ყველაზე ზანტი აღმოჩნდა ინფიცირების გავრცელების შეკავებაშიც.

"მესამე ტალღაში ჯანდაცვის სისტემა უფრო მეტად დატვირთული იქნება, ვიდრე აქამდე", — პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს შვედეთის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭოს განყოფილების ხელმძღვანელი, ტომას ლინდენი.