უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ახალი შეზღუდვები რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს ზღუდავს. მათ შორისაა, რესტორნების, ბაზრობებისა და ფიტნეს ცენტრების ფუნქციონირება. ახალ აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და შესაძლო კითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ მთავრობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ კითხვა-პასუხს.

რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

  • პროდუქტის გატანა — ე.წ. takeaway;
  • მიტანის სერვისი — ე.წ. დელივერი;
  • ავტომობილით გატანა — ე.წ. დრაივი.

რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად — ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
  • პრესის ჯიხურებს.

იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

არა. იზღუდება მხოლოდ თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?

ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ დელივერი სერვისი?

ე.წ. დელივერი სერვისი დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?

დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.

რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 10 000 ლარით.

როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე: