ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ალოგიკურია უარის თქმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმის გამო, რომ არჩევნებზე ხმები დააკლეს. მისი განმარტებით, დაფინანსება ხმებზე დაყრდნობით გაიცემა და რადგან ხმები დააკლეს, მათ მეტი ფული ეკუთვნოდათ.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დაგვაკლეს ხმები, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ მოგვიმატეს ხმები. მითუმეტეს, თუ ხმებზე დაყრდნობით ხდება გაანგარიშება, ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მეტი დაფინანსება უნდა მიეღოთ პარტიებს. ამ შემთხვევაში ეს ლოგიკა არ მუშაობს", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე KI ამბობს, რომ პარტიები არ უნდა იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას. ამავე ეთერში მან განაცხადა, რომ განსაკუთრებით არასწორია იმ პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

"საბოლოო ჯამში, ეს დაფინანსება არის მიბმული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმზე — იქ რა რიცხვები გიწერია. თუ იძახი, რომ ეს ოქმი არასწორია და ეს არჩევნები გაყალბდა, და ამას ვიძახით მთელი ოპოზიციური სპექტრი, მაშინ იმაზე დაფუძნებით რაღაცა დაფინანსებას არ უნდა ითხოვდე. არასწორია. გაუგებარია. მინიმუმ, აძლევ არგუმენტს ქართულ ოცნებას, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ამათმა არჩევნები აღიარეს. და ზოგადადაც, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე თუ არ შეგიძლია ბიძინას დამარცხება, მაშინ უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსება ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 14 პარტიას ეკუთვნის, რომელთაგან მისი მიღება ცხრამ მოითხოვა. ეს პარტიებია:

  • ქართული ოცნება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • კანონი და სამართალი.

დაფინანსების მოთხოვნით, ცესკოსთვის არ მიუმართავს ხუთ პარტიას:

  • გირჩი;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • ლელო;
  • მოქალაქეები;
  • პატრიოტთა ალიანსი.

გაეცანით პარტიების პოზიციებს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: