"ისე ხომ ააყვავეს ეს ქვეყანა და ისე, ხომ წელში იყვნენ გაწყვეტილები შრომით და წვალებით და ახლა საერთოდ წამოწვებიან და ჩუსტების ამარა იტანტალებენ", — ასე ეხმიანება პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მთავრობის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და საჯარო სექტორის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას.

ელისაშვილი უსინდისობასა და ბოროტებას უწოდებს ახალ შეზღუდვებს და აცხადებს, რომ ეს ხალხის გაღატაკებას გამოიწვევს.

"გაღატაკება და გასაცოდავება ბოლომდე. არ მინდა ძალიან შეთქმულების თეორიებში შევიდე, მაგრამ კიდევ უფრო იაფად უნდა ივანიშვილს ხალხის ყიდვა, როგორც ჩანს", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ვერ გამოაქვს სხვა დასკვნა, რას უნდა ემსახურებოდეს ეს შეზღუდვა.

კორონავირუსის შემთხვევათა მატების და შეზღუდვების ახალი ტალღის გამო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური მენეჯმენტი და დაზიანდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, ადამიანების ჯანმრთელობა, რაც ვირუსის ფართოდ გავრცელებამ გამოიწვია.

საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე: