გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები შიმშილს გამოიწვევს და ასე იქნება მანამ, სანამ ხალხი არ მიხვდება, რომ ეს ხელისუფლებისადმი მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისი თქმით, საზოგადოებამ და ოპოზიციამ ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლებას, რომელმაც გაზაფხულში ხალხი "დაატყვევა" და გაცილებით უფრო ნაკლები შემთხვევის დროს, მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

"შიმშილი ელოდებათ, კიდევ უფრო მეტი შიმშილი, სანამ არ მიხვდებიან, რომ საკუთარ თავს ადამიანებმა ეს თვითონ უქნეს და იმითი, რომ ხბოს აღტაცებით შევჰყურებდით "დარჩის სახლში" დევიზს, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული სამუშაო ადგილების დაკარგვისკენ და გაღატაკებისკენ", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ხვიჩიამ ისევ გააკრიტიკა "ეჭვის საფუძველზე" ადამიანების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა და განაცხადა, რომ "თავისუფლების აღკვეთით" ადამიანების მკურნალობა, ბოროტებაა.

კორონავირუსის შემთხვევათა მატების და შეზღუდვების ახალი ტალღის გამო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური მენეჯმენტი და დაზიანდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, ადამიანების ჯანმრთელობა, რაც ვირუსის ფართოდ გავრცელებამ გამოიწვია.

საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე: