ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაწესებულ ახლა შეზღუდვებს "აბსურდულსა" და "არალოგიკურს" უწოდებს და მიაჩნია, რომ მთავრობამ ეს "თავისი ტყავის გადასარჩენად" მოიფიქრა.

"სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ?" — ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ხალხმა "ჩაკეტოს ოცნების მთავრობა" და ამოისუნთქოს. მისი თქმით, ამის შემდეგ ვირუსსაც დაამარცხებენ და წელშიც გაიმართებიან.

საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე: