წარმოიდგინეთ, სკოლის დროს რომ ყველა იმ სამეცნიერო YouTube არხზე გქონოდათ წვდომა, რომლებზეც დღეს გვაქვს. ქიმიის, ბიოლოგიისა თუ ფიზიკის გაკვეთილები ისევ ისეთ მოსაწყენი მოგეჩვენებოდათ, თუ ყველაფერს სხვანაირად შეხედავდით? დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ყველა ის ინფორმატიული და საინტერესო ვიდეო ყოფილიყო თქვენთვის ხელმისაწვდომი, რომლებიც მეცნიერებას სახალისო ვიზუალებითა და მარტივი ენით ხსნიან, გაგიმარტივებდათ იმ ცოტა მოსაწყენი მშრალი ტექსტების გაგებას, რომლებსაც სასკოლო წიგნებში ვაწყდებით.

ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფარული შიში აქვთ და მას საკმაოდ რთულად აღიქვამს, თუმცა, სინამდვილეში, მათ შესასწავლად მხოლოდ კარგი წარმოსახვა და ცოტაოდენი შრომისმოყვარეობაც საკმარისია.

მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სამეცნიერო YouTube არხებს, რომლებიც დაგეხმარებათ როგორც საუნივერსიტეტო მასალის შესწავლაში, ასევე თქვენი სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში.

1. SciShow

გაინტერესებთ, რატომ აქვს წვიმას ასეთი კარგი სუნი? ან რა როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში კვანტური მექანიკა? (დიდი ნახტომია, არა?) ამ და კიდევ უამრავი საინტერესო მოვლენისა თუ აღმოჩენის შესახებ SciShow-ზე მოგიყვებიან, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ზემოხსენებულ არხს კიდევ სამი შვილობილი არხი ჰყავს, რომელთაგანაც თქვენთვის SciShow Space შევარჩიე.

SciShow Space - კოსმოსი და ასტრონომია

უკანასკნელ ხანებში მეცნიერების ეს სფერო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ, თქვენც ადევნებთ თვალ-ყურს იმ სიახლეებს, თუ როგორ გაუშვა NASA-მ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, როგორ გადაიღეს შავი ხვრელის პირველი ფოტო, ან რა პერსპექტივა აქვს მარსზე სიცოცხლეს. ამ დროს შეიძლება უცებ დაფიქრდეთ: საერთოდ რა არის საერთაშორისო კოსმოსური სადგური? სად არის? დედამიწაზეა თუ საერთოდ სხვა გალაქტიკაში? ან შავი ხვრელი რას ნიშნავს? რამდენად ღრმაა და მართლა შავია თუ უბრალოდ იქ ძალიან ბნელა? ჰოდა, ასეთმა შეკითხვებმა რომ არ შეგაწუხოთ და არც მეგობრებთან შეირცხვინოთ თავი, გირჩევთ თავისუფალ დროს ამ არხის ვიდეოებს ჩაუჯდეთ. არც გონებრივად გადაიტვირთებით და უამრავ საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებთ.

ასევე იხილეთ:

  • SciShow Kids — სამეცნიერო არხი ბავშვებისთვის;
  • SciShow Psych — შვილობილი არხი ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის.

2. DrPhysicsA — მათთვის, ვისაც ფიზიკის სიღრმისეულად შესწავლა უნდა

იმისთვის, რომ ფიზიკა კარგად ისწავლო, მხოლოდ ბევრი შრომა საკმარისი არ არის. ამისთვის, ასევე, საჭიროა მახვილი გონება, კარგი წარმოსახვა და ინდოელი ტიპების ინგლისურად საუბრის მოსმენის და გაგების უნარიც. ფიზიკის მიმართულების სტუდენტები, ალბათ, დამეთანხმებიან, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა და თუ საფუძვლიანად აპირებთ ამ სფეროს შესწავლას, მაშინ მართლაც ხშირად მოგიწევთ მათი მოსმენა. ხანდახან, ხშირად, სწორედ ინდოელების ვიდეოები არის ის, რაც ყველაზე მეტად გვეხმარება საკითხის გაგებაში მაშინ, როდესაც ლექტორი შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ უბრალოდ განვლილ მასალას უნდა გადავხედოთ. თუმცა, ზემოთ აღნიშნული არხი ინდოელს არ ეკუთვნის, ჩემი აზრით, იგი ერთ ერთი საუკეთესოდ და გასაგებად ხსნის, ერთი შეხედვით, რთულ მეცნიერებას.

აქვე პატარა რჩევას მოგცემთ: როდესაც რაიმე საკითხის გარკვევას ეცდებით, ნუ დასჯერდებით მხოლოდ ერთ წყაროს და ეცადეთ მის შესახებ იმდენი სხვადასხვაგვარი სწორი ახსნა მოძებნოთ, რამდენიც საჭირო იქნება.
სწორედ ამიტომ, გიზიარებთ კიდევ რამდენიმე YouTube არხს, რომელიც წესით და რიგით, გამოგადგებათ:

  • DoS — Domain of Science — კვანტური ფიზიკა და მათემატიკა;
  • Michel van Biezen — უმოკლეს დროში ახსნილი ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია და მათემატიკა;
  • Solid State Physics in a Nutshell — აქ მხოლოდ მყარი ტანის ფიზიკას აგიხსნიან;
  • Quahntasy - Animating Universe — საკმაოდ სახალისო ანიმაციები კვანტურ მექანიკასა და გრავიტაციაზე;
  • Science Shorts — ფიზიკა მარტივად და მოკლედ!

3. Tyler DeWitt — ქიმიით დაინტერესებულთათვის

ალბათ, ყველას გინახავთ YouTube-ზე საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოები, სადაც ორი სხვადასხვა სითხის შერევით უცებ რაღაც შადრევანი, ან პლასტმასის მილისმაგვარი დიდი მასა წარმოიქმნება, რომელიც მთელ ოთახს ფარავს. მაგრამ, სანამ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფნი ქიმიკოსობას გადაწყვეტდეთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ქიმია მხოლოდ სახალისო ექსპერიმენტები არაა, იგი საკმაოდ კომპლექსური დარგია და იმისთვის, რომ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ, საჭიროა პირველ რიგში იმ ერთი შეხედვით რთული საკითხების კარგად შესწავლა, რომლებსაც ასე მარტივად და საინტერესოდ ხნის მეცნიერი ტაილერ დუიტი.

4. MIT OpenCourseWare — მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლექციები

MIT, იგივე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, უკვე წლებია უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს და სამეცნიერო ფილმებშიც ხშირად გვესმის მისი სახელი. ალბათ, ბევრ თქვენგანს უოცნებია აქ გენიოს ბავშვებთან ერთად უოლტერ ლევინის ამაღელვებელი ლექციების მოსმენაზე, თუმცა, დღეს ხომ შეუძლებელი არაფერია?! რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც შესაძლებელია ამ უნივერსიტეტებში სწავლა, თუმცა, თუ ამას ვერ მოახერხებთ, თავისუფლად შეგიძლიათ MIT-ის ლექციებს YouTube-ზე მოუსმინოთ და დამერწმუნეთ, საკმაოდ საფუძვლიან ცოდნასაც მიიღებთ. დაწყებული ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებებიდან, გაგრძელებული ბიოლოგიით, ინჟინერიითა თუ მათემატიკით და დასრულებული კომპიუტერული მეცნიერებებით. აქ იმ ყველაფრის სწავლა შეგიძლიათ, რასაც MIT-ის სტუდენტებს ასწავლიან. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თქვენ ლექტორებს შეკითხვას ვერ დაუსვამთ, მაგრამ არც დავალებებითა თუ გამოცდებით შეგაწუხებთ ვინმე.

აქვე, თუ MIT-ს მაინცდამაინც Ivy League-ის უნივერსიტეტები გირჩევნიათ, თავისუფლად შეგიძლიათ მათ ლექციებსაც უსმინოთ:

  • stanfordonline — სტენფორდის უნივერსიტეტის არხი;
  • YaleCourses — იელის უნივერსიტეტის არხი.

5. Khan Academy

დარწმუნებული ვარ, ხანის აკადემია ყველას გსმენიათ, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ სადმე არის შემორჩენილი ადამიანი, ვინც მის შესახებ არაფერი იცის, გადავწყვიტე მაინც აღმენიშნა იგი სტატიაში, თუნდაც მადლიერების ნიშნად იმისთვის, რომ ამ აკადემიის შესანიშნავმა (არ ვაჭარბებ) ვიდეოებმა უნივერსიტეტში ოროსნობისგან მიხსნეს.

ხანის აკადემიის არხზე შეგიძლიათ იხილოთ საკმაოდ საინტერესო, ინფორმატიული და მარტივად აღსაქმელი ვიდეოები როგორც მათემატიკის, ასევე ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით და დამერწმუნეთ, თუ ამ კურსებს მიყვებით, მაშინ თქვენთვის რთული და გადაულახავი არაფერი იქნება!

ასევე გთავაზობთ ხანის აკადემიის YouTube არხს ქართულ ენაზე: Khan Academy Georgian.

6. It's Okay To Be Smart

მხოლოდ სახელი რად ღირს?! შესანიშნავი არხია როგორც შინაარსით, ასევე იმ მესიჯით, რომელსაც იგი თავისი სათაურით ავრცელებს. ამ არხზე ისეთი სამეცნიერო შეკთხვების ახსნებს გადააწყდებით, რომლებიც არასდროს მოგსვლიათ აზრად, ან შეიძლება მოგსვლიათ კიდევაც, მაგრამ მისი კითხვა ვერ გაგიბედავთ, რადგან ფიქრობთ, რომ შეიძლება ვინმემ უცნაურ და არასერიოზულ ადამიანად აღგიქვათ, ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ ამ შეკთხვის უკან ზედმეტად მარტივი ჭეშმარიტება იმალება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ამ უსაყვარლეს YouTube არხს, რომელიც თქვენს შეკითხვებს სამეცნიერო ფაქტებით უპასუხებს და არც უცნაურად გაგრძნობინებთ თავს.

აქვე გიზიარებთ მსგავს YouTube არხებს, რომლებიც ასევე იმსახურებენ ამ სტატიაში თავიანთ ადგილს:

  • Vsauce — მეცნიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ავტორის იუმორის გამო მაინც ღირს მისი ვიდეოების ყურება;
  • MinuteEarth — არხი უსაყვარლსეი ანიმაციებით;
  • Kurzgesagt – In a Nutshell — არხი სახალისო ანიმაციებით;
  • Explorium — უბრალოდ ძალიან საინტერესო სამეცნიერო არხი.

7. What If

უნდა გამოვტყდე, რომ ჩემთვის და ასევე ფენტეზის მოყვარულებისთვის What if ალბათ ერთ-ერთი უსაყვარლესი სამეცნიერო არხია. მათი ახალი ვიდეოს გამოსვლას ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით, რადგან ამ არხზე მეცნიერულად გვიხსნიან იმას, რაზეც ჩვენ თვითონაც ხშირად ვფიქრობთ ხოლმე: რა მოხდება თუ... თუ ჩვენი ტვინი ზომაში ახლანდელზე ორჯერ დიდი გახდება, თუ ველოსიპედის ტარებისას სინათლის სიჩქარეს გადავაჭარბებთ, თუ დედამიწაზე ყველა ობობას გავანადგურებთ... და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ყველა მოვლენის შედეგს როგორც სიტყვიერად, ასევე ვიზუალურადაც საკმაოდ კარგად გადმოსცემენ და გასაგებად გვიხსნიან იმას, მართლაც რა მოხდება, თუ...

თუ თქვენც ხშირად ფიქრობთ მსგავს თემებზე, ან უბრალოდ დისტოპიური ფილმები გიზიდავთ, მაშინ გირჩევთ აუცილებლად ადევნოთ თვალი სიახლეებს ამ არხზე და ძველ ვიდეოებსაც გადახედოთ.

8. Hashem Al-Ghaili

ჰაშემ ალ გაილი გერმანიაში მოღვაწე იემენელი მეცნიერია, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა თავისი საინტერესო და ინფორმატიული სამეცნიერო ვიდეოებით მედიცინის, ბუნების, ტექნოლოგიებისა და ზოგადად, მეცნიერების შესახებ. მისი მოსმენით საკმაოდ სასიამოვნოდ გაატარებთ დროს, რადგან იგი საკმაოდ მარტივად გასაგებად გვიხსნის ისეთ სამეცნიერო საკითხებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობასთანაა დაკავშირებული.

9. IFLScience Official

ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო YouTube არხია, რომელიც საინტერესო და ადვილად აღსაქმელ ანიმაციებს ქმნის კოსმოსის, მედიცინისა და ზოგადად ბუნების თემებზე.

10. TED-Ed

ადრეულ ასაკში თქვენც ისეთი აბეზარი ბავშვი იყავით, რომელიც უფროსებს მოსვენებას უკარგავს უამრავი შეკითხვით იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, რატომ არის დედამიწაზე ზოგან მთა და ზოგან ბარი, რა ხდება კოსმოსში, რატომ ვცხოვრობთ მაინცდამაინც დედამიწაზე და ა.შ.? რასაკვირველია, მშრალი "არ ვიცი" არავის გვაკმაყოფილებდა და დაუსრულებლად ვაგრძელებდით ამ შეკითხვების დასმას, სანამ უფროსები საბოლოო მკაცრი "არ ვიცი"-ს თქმით არ გამოგვისტუმრებდნენ. დარწმუნებული ვარ, ამ კითხვების უმეტესობაზე პასუხი უკვე იცით, მაგრამ რაც დრო გადის და რაც მეტს ვფიქრობთ, მით მეტი ასეთი შეკითხვა გვაწუხებს. სწორედ მსგავს და სხვა საკითხებზე პასუხს TED-Ed-ის საგანმანათლებლო არხზე იპოვით.

იმედი მაქვს, ჩემი შერჩეული სამეცნიერო არხებით ბევრ ახალ საინტერესო რამეს ისწავლით და დროსაც სახალისოდ გაატარებთ, სამეცნიერო მიმართულების სტუდენტები, კი, ყოველთვის შეძლებთ დაეწიოთ საუივერსიტეტო მასალას, აღიდგინოთ გაცდენილი ლექციები და მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს თქვენს ინტერესსა და სიყვარულს არჩეული სფეროს მიმართ.

მეტი მსგავსი სიახლისთვის, გამოგვყევით ყველაზე მეცნიერულ Instagram-ზე – @Next.in.science