ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას თქმით, პანდემია საახალწლოდ ისვენებს? 3 იანვრიდან ორი კვირა მთელი ქვეყანა ისვენებს. მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები პანდემიაზე უარეს დღეში ჩაგვაგდებს.

"ელაპარაკებიან მხოლოდ იმ სპეციალისტებს და მათ აზრს ითვალისწინებს, რომლებიც მათი პოლიტიკური მარიონეტები არიან და საუბარი და დისკუსია საჭიროა ამაზე გაცილებით უფრო ფართო ფორმატით, მათ შორის ოპოზიციასთან და ეს მარტიდანვე უნდა დაწყებულიყო. რატომ მოიხსნება მაშინ, თუ საჭიროა შეზღუდვები, საახალწლოდაც საჭიროა. პანდემია საახალწლოდ ისვენებს? და უკვე 3 იანვრიდან ორი კვირა მთელი ქვეყანა საერთოდ ისვენებს, ყველა. ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება პანდემიაზე უარეს დღეში აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება მიიღოს შეიძლება ამ ხალხმა, იმიტომ, რომ სმას გადაყვეს ნახევარი ქვეყანა", — განაცხადა უგულავამ.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვამ რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: