დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არ შეეხო კორონავირუსით გამოწვეული ახალი შეზღუდვები სილამაზის სალონს — ადამიანები სახლში დადიან და სერვისი მაინც მუშაობს.

"რომ დაკეტო სილამაზის სალონები, ეს ბიზნესი ინაცვლებს ჩრდილში, ანუ დადიან ადამიანები სახლებში, ამიტომ უფრო მეტია რისკი. როცა ეს რისკი შეფასდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, გადაწყდა, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვის დრო გაიზარდა და 28 ნოემბრიდან 22:00 საათის ნაცვლად, გადაადგილება 21:00 საათიდან იქნება შეზღუდული. შეზღუდვები 31 იანვრამდე იმოქმედებს.

მათივე განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ორი ღამით, ახალ წელსა და შობის ღამეს მოიხსნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე გადადგილება ნებადართულია. ასევე, 6 იანვრის ღამით.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: