უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ისინი [ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები] აკვირდებიან მედიას და ამის შემდეგ უკავშირდებიან იმ პაციენტებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ საავადმყოფოებში.

"ალბათ მე მომიწევს ვიყო გულწრფელი და ვთქვა შემდეგი, რომ ძალიან ხშირად ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები, აქ რამდენჯერმე ტერმინიც იყო გამოყენებული, რომ "როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, მას შემდეგ მიგვიღეს საავადმყოფოში, ისე არ მიგვიღეს". ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს, ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით",— განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალში მოთავსებული არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ.

"ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ მოთავსებული, ამ დროს ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას", — ამბობს ის.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვამ რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: