ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თვითდასაქმებულებმა 300 ლარიანი ფულადი დახმარება მთავრობისგან წლის ბოლომდე მიიღონ. თუმცა მაჭავარიანის თქმით, ამისთვის იურიდიულმა პირებმა დასაქმებულებზე ინფორმაცია უწყებას დროულად და სრულად უნდა მიაწოდონ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 300 ლარიანი დახმარების გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადამხდელებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ. იქნება ეს ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანი, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიასა თუ რესტორანში", — ამბობს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, დამატებითი დეტალები შემოსავლების სამსახურის მიერ იქნება გაწერილი და ტექნიკური ნაწილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულთათვის სახელმწიფო კვლავ დააწესებს 300 ლარიან დახმარებას. მისივე თქმით, მათ სახელმწიფო სესხის გადავადებაშიც მიეხმარება.

დღეს, 26 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გამკაცრა და ახალი შეზღუდვები დააწესა.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე: