26 ნოემბერს აშშ-ში მადლიერების დღე აღინიშნება, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია: ოჯახის წევრები ამ დღისთვის შესაბამის სუფრასთან იკრიბებიან. თუმცა, სახსრების არარსებობის გამო (ეს მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა) ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს, რომ ამ დღეს შესაფერისად შეხვდეს.

სწორედ ამის გამოსასწორებლად საქველმოქმედო ინიციატივით ლოს-ანჯელესში მოხალისეებმა იმ ადამიანებს, რომელთაც ამის საჭიროება ჰქონდათ, საკვები დაურიგეს: ინდაური, რომელიც ამ დღის აუცილებელი ატრიბუტია, გაზიანი სასმელები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ამ აქციაში მონაწილეობა ცნობილმა რეპერმა სნუპ დოგმაც მიიღო: მომღერალმა არაერთ მოქალაქეს თავისი ხელით გადასცა მადლიერების სუფრისთვის განკუთვნილი ინდაური და მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა საკვების გაცემასთან ერთად მოქალაქეები მასთან ფოტოების გადაღებითა და ავტოგრაფების დარიგებითაც გაახარა.

"მიყვარს ამ ყველაფრის პიროვნული მხარე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებთან ახლოს ვიყო, მხედავდნენ, მეხებოდნენ და იცოდნენ, რომ მათზე ვზრუნავ", — განაცხადა სნუპ დოგმა.

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოსთან ერთად, ცხადია, ამერიკის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც გააუარესა: მრავალი ადამიანი უმუშევარი და მშიერი დარჩა. ამის გამო მრავლად შეიქმნა ე.წ. "საკვები ბანკები", რომლებიც ერთჯერადად თუ მუდმივად ცდილობენ, რომ შესაბამის საზოგადოებრივ ჯგუფებს საკვები მიაწოდონ.

ეს აქციაც ამ მოძრაობის ნაწილი იყო: ჯამში 2 500 ინდაური დარიგდა, რათა მეტ ადამიანს შესძლებოდა, ტრადიციული სადილით შეხვედროდა მადლიერების დღეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სნუპ დოგი მსგავს საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობს: გასულ წელსაც ამავე კამპანიის ფარგლებში დაარიგა ინდაურები.

სნუპ დოგი 2019 წელს მოქალაქეებს ინდაურებს ურიგებს.

ფოტო: Carlos Orozco/City of Inglewood