საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქციების ჩატარება გამოხატვის თავისუფლებაა, რაც არ შეიზღუდება, თუმცა არის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი.

"რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, როდესაც შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობის წესების დაცვის გამო. რა სხვაობაა ქორწილს ქელეხს და აქციას შორის გავრცელების თვალსაზრისით, ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრებს შორის? არაფერი სხვაობა არ არის", — განაცხადა გახარიამ.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური პროცესის თანმდევმა მობილობამ განაპირობა ის, რომ საქართველოში კორონავირუსის არაბუნებრივი გავრცელება ფიქსირდება.

"აგვისტომდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ეპიდემიის მართვის კუთხით, დღეს რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის არაბუნებრივი გავრცელებაა. ამიტომ გვიწევს შეზღუდვების დაწესება. როგორც ფიქრობთ, ეს არაბუნებრივი გავრცელება რამ გამოიწვია? რა თქმა უნდა, მაღალმა მობილობამ და წესების დაცვის გარეშე დიდი რაოდენობის ადამიანების თავმოყრამ. პოლიტიკური პროცესის შედეგიც არის ეს, საარჩევნო კამპანია საკმაოდ მაღალ მობილობას ითვალისწინებს, ეს არის ის, რამაც დღეს მიგვიყვანა არაბუნებრივ ციფრებამდე", — თქვა გახარიამ.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 114 889 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 95 581-მდე და გარდაიცვალა 1 085.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: