საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ცხადდება უქმე/დასვენების დღეები.

"ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ იმისთვის, რომ მათი მობილობა არ იყოს ასე ვთქვათ ჩაკეტილი დღეებში, არამედ მათ შეეძლოთ გადაადგილება დაგეგმოს ორი, ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მათივე თქმით, ამ პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. გარდა ამისა, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვამ რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: