საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალ შეზღუდვებზე, სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ და ბიზნეს დახმარებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს 2021 წლის პერიოდში არ მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა.

"ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 21 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული, გათავისუფლდებიან ტურიზმის სექტორი სრულად ქონების გადასახადისგან", — ამბობს გახარია.

მისივე განცხადებით, ტურიზმის სექტორს 2020 წელს 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადები ჩამოეწერება.

"ტურიზმის სექტორში, თუ გახსოვთ 20 წლის განმავლობაში 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო სულ დასაწყის პერიოდში, ჩვენ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც იყო გადავადებული სრულად ჩამოეწერება", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვამ რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: