საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე მოქალაქეებს დაკავებული კარტოგრაფების თავდებში ჩადგომისკენ მოუწოდებს.

"მათ, ვისაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბედი გაღელვებთ (და ვიცი რომ ბევრს გაღელვებთ), მწერალი ხართ თუ ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ ჟურნალისტი, მღვდელთმსახური თუ მომღერალი, სპორტსმენი თუ საჯარო მოხელე, ა.შ. და ა.შ. ვინც თავდებობას გადაწყვეტთ, ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად ედუარდ მარიქაშვილს უნდა მიწეროთ", — წერს უფლებადამცველი ფეისბუქზე.

მშვენიერაძის თქმით, უახლოეს დღეებში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ადვოკატები კი სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლას მიოთხოვენ.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

გაიგეთ მეტი: