საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. მისივე თქმით, მიუხედავად Covid-19-ის მდგომაროებისა, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები) შეფერხება არ ფიქსირდება.

"სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს. ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველომ შემოიღო ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი რისკის შემცველ დამნაშავეთა ელექტრონული მეთვალყურეობა. შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა", — განაცხადა პრეზიდენტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის — UN Women ორგანიზებით, გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გლობალური, 16 დღიანი აქტივიზმისა და გაეროს გენერალური მდივნის — UNiTE კამპანიებს უერთდება, რათა 2030 წლამდე ქალთა მიმართ ძალადობა დასრულდეს.