გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართულ ოცნებას არ სურს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს, და ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც არჩევნების შემდეგ იმართება, წარმატებით არ შედგეს. ამის შესახებ ხვიჩიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ქართული ოცნება არის გაჯიუტებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით არ შედგეს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გულწრფელად, ქართულ ოცნებას არ უნდა ლაპარაკი ადამიანებთან. მას უნდა პარლამენტი მართლა ქმედითი კი არ იყოს, არამედ მას სჭირდება კომფორტული პარლამენტი, სადაც მას მარტივად შეუძლია ვიღაცებს რაღაცები გადააბრალოს, რაც იყო წინა მოწვევის პარლამენტში. ქართულ ოცნებას მართლა რომ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა უნდოდეს და ფეხებზე არ ეკიდოს იმ ადამიანების ბედი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ყოველდღიურად უფრო და უფრო ღატაკდება, ბევრი სასაუბრო სივრცე არსებობს და ამას გამოიყენებდა. ქართული ოცნება არის ბავშვი, რომელიც სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობს", — განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელი.