ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და გამორიცხულია ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ ქართული ოცნება იქნება პარლამენტში. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

"მგონია, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა ამ პარლამენტში და პირველად 1995 წლის შემდეგ გვექნება ისეთი პარლამენტი, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება ჭარბი უმრავლესობა და იქნება კიდევ 8 ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი. შეგვიძლია გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ ქართული ოცნება რჩება პარლამენტში", — განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.