გირჩის ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელია, რათა მომდევნო შეხვედრა "რაღაცა ტიპის შედეგით დასრულდეს".

"ჯერჯერობით ეს და ამის წინა შეხვედრა იყო მოსამზადებელი შეხვედრა მე-3 რაუნდისთვის, რომ მე-3 რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და რაღაცა ტიპის შედეგით დასრულდეს. რა გამოვა ვერ გეტყვით. არც განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც პესიმიზმის დათესვის", — თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ.

დღეს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს კიდევ ერთხელ ინდივიდუალურად შეხვდნენ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.