ტრადიციული სამზარეულო, რასაკვირველია, ნებისმიერი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მასში ხშირადაა ასახული არა მხოლოდ ადგილობრივი ხალხის გემოვნება, არამედ ისტორიულ-ყოფითი ნარატივებიც. მიუხედავად ამისა, ქართული სამზარეულო, კერძოდ, კი სუფრის ტრადიცია, მხოლოდ არტეფაქტის მნიშვნელობას კი არ ატარებს, იგი ერთგვარი სოციალური აქტივობაა, რომელიც ურთიერთობების წარმართვისას აქტიურად გამოიყენება დღემდე. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ რჩებათ ტურისტებს და უცხოელ სტუმრებს, რომლებიც, არცთუ იშვიათად, სწორედ ქართული კერძების დასაგემოვნებლად სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას.

ქართულმა სუფრამ აღაფრთოვანა ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი დევიდ ფერლიც, რომელმაც შთაბეჭდილებებით დახუნძლული მოგონებები BBC-ის ვრცელ სტატიაში ჩაატია.

"ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით, მთიანი რაჭის რეგიონს ვეწვიე", — წერს ფერლი, — "მასპინძლებმა კი ჩემ წინ ქართული კერძები დაახვავეს: კალმახი კაკლის სოუსში, ღორისხორციანი მარცვლეულის შეჭამანდი, სახელად ლობიო, ყველის შიგთავსით გამომცხვარი კერძი — ხაჭაპური, ქათამი მაყვლის სოუსში, ბატკნის ხორცი, ქათამი ნივრის კრემიან სოუსში, სახელად შქმერული, და, რა თქმა უნდა, ქართული ჩვეულება — სამი სახეობის პური. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მეგობრის მეგობრის სახლში დარჩენის და ხუთსაათიანი ნადიმობის საბაბი გახდა".

ფოტო: Culture Club / Getty Images

ფერლი აღაფრთოვანა არა მხოლოდ კერძების გემომ, მაგიდაზე მათმა განლაგებამაც. რადგან მასპინძლის ოთხკუთხედ სუფრაზე ყველაფერი ვერ ეტეოდა, პრობლემა მარტივად გადაიჭრა თეფშების ოთხსართულიანი მოწყობით. ჟურნალისტის თქმით, მთლიანად ღვინოს ვერ დაბრალდებოდა ის, რომ "ჭამის აგონიაში" ჩავარდა და, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, ახალი სიტყვა პრაქტიკაშიც ისწავლა.

"შემომეჭამა — ეს ქართული სიტყვა ვერ ითარგმნება, თუმცა, როგორც თბილისის რეცეპტების მუზეუმის დამფუძნებელმა, მაკო ქავთარაძემ მითხრა, ქართველებისთვის ეს ტერმინი იმ მდგომარეობას აღნიშნავს, როცა კარგად დანაყრებული ხარ, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებ და ჭამას აგრძელებ. მეტი სიზუსტისთვის, ქართველმა შეფმა, მერი გუბელაძემ, გამანდო, რომ როცა ამდენის ჭამას არ აპირებდი, მაგრამ 'შემთხვევით' შენთქავ, სწორედ ამას ნიშნავს შემომეჭამა. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა კერძი იმდენად გემრიელი აღმოჩნდება, რომ სურვილს ვერ ეწინააღმდეგები და ყველაფერს, საკუთარი თავის ნაცვლად, ისევ კერძს აბრალებ".

ფერლის ეს სიტყვა ნამდვილად შეუყვარდა. ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ამ უჩვეულო მდგომარეობის აღსაწერად სიტყვა არსებობს, ოღონდ არა გერმანული, არამედ ქართული.

იქნებ ყველაფერი არა ღამის საათებში მოსული შიმშილის ბრალია, არამედ სუფრაზე აკოკოლავებული თეფშების? გუბელაძე აღნიშნავს, ქართულ სუფრას კერძების სიუხვეც გამოარჩევს, ასე რომ, როცა გგონია, ახლა იტყვი "კარგად გეახელითო", გემრიელი კერძების თეფშები დაუსრულებლად ჩნდება და ჩნდება...

სიტყვის კვლევას მხოლოდ ამით როდი დასჯერა ფერნი; მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორსა და კავკასიის კულტურის მკვლევარს, კევინ ტუიტს, მიაკითხა სემანტიკის გასაშიფრად. ტუიტის თქმით, ზმნის ფუძე ვნებით ჟღერადობას იძენს, სუბიექტი კი არაპირდაპირი ობიექტის როლში გვევლინება, რაც, ისე წარმოაჩენს მოქმედებას, თითქოს "რაღაც შეიჭამა და ამ პროცესში, უნებლიეთ, მეც აღმოვჩნდი ჩართული". ტუიტი კიდევ ერთ მაგალითად მოიხმობს შემომეხარჯას მნიშვნელობას, რაც, ცხადია, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისათვის მეტისმეტად ნაცნობი მოქმედებაა, თუმცა ყველაზე უკეთ მისი მნიშვნელობა მაინც გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზის, ესმის.

სტატია გრძელდება ქართულ სუფრაზე შექმნილი წიგნების ავტორების — დარა გოლდშტეინის და კარლა კაპალბას — ახსნით, როგორ ესმით სიტყვა შემომეჭამა. ტექსტში მოხმობილია ანთროპოლოგ ფლორიან მიულფრიდის სიტყვებიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავების შემდეგ მეცხრამეტე საუკუნეში, სუფრა და ფოლკლორი ქართველების იდენტობის გამორჩევის ნიშნად იქცა და ასე გრძელდება დღემდე — როცა ყოვლისმომცველი გლობალიზაციის ეპოქაში სუფრა ქართველების კულტურული ავთენტიკურობის მტკიცებულებაა.

მიულფრიდი სიტყვის მნიშვნელობაზე საუბრისას შენიშნავს, რომ შემომეჭამა იმ კულტურულ რეალიას წარმოაჩენს, რასაც სუბიექტის ობიექტის როლში გადასვლა ჰქვია. მისი თქმით, ქართველები სწორედ ასე გამოხატავენ, რომ შეყვარებულები არიან — "მე ვარ ობიექტი, ის კი სუბიექტია". მსგავსად ხდება ძალადობად გარდაქმნილი სიძულვილის შემთხვევაში მსხვერპლის როლში გადასვლის ახსნაც — როცა გრძნობა ყოვლისმომცველია. შემომეჭამას შემთხვევაში კი, მკვლევრის აზრით, საჭმლის მსხვერპლი ვერაფრით უწევს თავდამსხმელ კერძს წინააღმდეგობას.

ფოტო: yanadjana / Alamy

რა როლს ასრულებს ამგვარი სიტყვა კულტურაში? გუბელაძის თქმით, ამგვარად შენ პასუხისმგებლობას იხსნი საკუთარ ქმედებაზე, რაც, შესაძლოა, 70-წლიან საბჭოურ ოკუპაციასაც უკავშირდებოდეს, თუმცა "უფრო ადვილია, ყველაფერი შემომეჭამას დააბრალო, ვიდრე აღიარო, რომ იღორმუცელე".

ფერლი არც მალავს, რომ იმ მომენტში თავი ღორმუცელად იგრძნო. ბოლოს დასძენს, როცა სასტუმრო სახლში მივედით, მასპინძელმა დაიჟინა, ჭამა გჭირდებათო. რადგან სტუმრები გამოეტირნენ, მეტის ჭამა აღარ შეგვიძლიაო, მეპატრონემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ჟურნალისტი ამასაც უძებნის ახსნას — ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ამბობენ "სტუმარი ღვთისააო". ასე რომ, არც სასტუმრო სახლის მასპინძელს აწყენინეს და კიდევ ერთი სუფრა გაიშალა შემომეჭამას მადლით.