ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ვებგვერდი, whitehouse.gov, მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველ რიგში, ახალი პრეზიდენტის ვებგვერდზე არ არის ისეთი განყოფილებები, რაც იყო პრეზიდენტ ობამას დროს. მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვერ ნახავთ ცალკე განყოფილებას კლიმატის ცვლილებებისა და ლგბტ პირთა სამოქალაქო უფლებების შესახებ.

ტრამპის მრჩეველმა, თომას პაილმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ახალი პრეზიდენტი მოვიდა ახალი ხედვით, ახალი იდეოლოგიით, რომლითაც უნდა მართოს ქვეყანა. მისივე თქმით, ობამასგან განსხვავებით, ტრამპი გეგმავს გაზისა და ნავთობის მოპოვების გაზრდას და ბუნებრივია, რომ მისი ეს პოლიტიკა თეთრი სახლის ვებგვერდზეც აისახოს.

რაც შეეხება ობამას პრეზიდენტობისას თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, ის წაშლილი არ არის. ობამას პრეზიდენტობისდროინდელი თეთრი სახლის ვებგვერდი დაარქივებულია და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისამართზე obamawhitehouse.archives.gov.