ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებას უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მიიღოს თუ არა ოპოზიციის შეთავაზებული წინადადება, რის გამოც აჭიანურებს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღის განსაზღვრას.

"ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ — ამ კრიზისის დაძლევა, თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ", — ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, ოპოზიცია მზადაა მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და ქართული ოცნებისგან რაციონალურ წინადადებას ელის.

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს.

ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება", — განაცხადა კაპანაძემ.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას წარუდგინეს კონკრეტული წინადადება და შემდეგ ნაბიჯს სწორედ მმართველი პარტიისგან ელიან.

გაიგეთ მეტი: