თუ გსურთ, ქართველ მოსწავლეებს დაეხმაროთ და მათ განათლებაში თქვენი წვლილიც შეიტანოთ, იხილეთ ლადო აფხაზავას ანგარიშის ნომერი: GE94LB0111144738174000

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც 2019 წელს მასწავლებლების ჯილდო Global Teacher Prize-ის ფინალისტებს შორის მოხვდა, წელს პანდემიის პირობებში ქოთნის ყვავილებს ყიდის. შემოსული თანხით ის საკუთარ მოსწავლეებს ინტერნეტს ურთავს, რათა მათ გაკვეთილზე დასწრება მოახერხონ. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.

"არ ვიცი, საიდან მომივიდა ეს იდეა, მაგრამ 72 სტუდენტს უკვე ჩავურთე ამის წყალობით ინტერნეტი. რა თქმა უნდა, 19 ლარი ქოთნის ნამდვილი ფასი არაა, მაგრამ, როცა ადამიანმა იცის, რომ ბავშვების განათლებას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, ყიდულობს", — ამბობს აფხაზავა.

ეს თანხა ერთთვიანი ულიმიტო ინტერნეტისთვისაა განკუთვნილი, რაც მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი საჭიროებაა.

ლადოს იები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხითაც ის მოსწავლეებს ინტერნეტს ურთავს.

ფოტო: ლადო აფხაზავა

ლადო გურიაში ცხოვრობს, სოფელ ჩიბათში, სადაც დაბალი ხარისხის ინტერნეტია. ბევრი მოსწავლისთვის 19 ლარი ერთბაშად დიდი თანხა აღმოჩნდა, ამიტომ მათ დაბალფასიან ინტერნეტ-პაკეტზე შეაჩერეს არჩევანი, თუმცა ის მალევე ამოიწურა.

მას შემდეგ, რაც 30 მარტს საქართველოში სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, ლადოს, ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, ვირტუალური საკლასო ოთახი თითქმის ცარიელი დახვდა.

"პირველ ონლაინ მეცადინეობაზე სულ ორი მოსწავლე შემოვიდა", — ამბობს ლადო. მან გადაწყვიტა, სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეეჩერებინა და მოსწავლეებისთვის ინტერნეტზე წვდომის უზრუნველსაყოფად საკუთარი ჯიბიდან რესურსების მოგროვება დაიწყო, რაშიც მას შავი ზღვის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და სხვა ასოციაციებიც დაეხმარნენ.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ლადომ მოგროვებული თანხით ოთხი თვის განმავლობაში 482 სტუდენტი უზრუნველყო ინტერნეტთან წვდომით. ის ამაყობს იმით, რომ მოსწავლეებს ერთი გაკვეთილიც არ გაუცდენიათ.

იები მეგაბაიტების სანაცვლოდ: ონლაინ სწავლების გამოწვევები საქართველოში — წაიკითხეთ თამუნა ჩქარეულის სტატია OC Media-ზე.

ინტერნეტის პრობლემა რეგიონებში

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 21%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, 38%-ს კი — კომპიუტერთან.

"სხვა რეგიონებიდან ბევრი ბავშვი დამიკავშირდა, რომ მათთვისაც ჩამერთო ინტერნეტი, მაგრამ უბრალოდ არ მაქვს მექანიზმი, რომ გადავამოწმო მათი სიტუაცია. ბევრი ოჯახია, რომელიც ფიქრობს, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს და მოითხოვენ, ინტერნეტი შევუყვანო. მეორე მხრივ, ზოგიერთმა ბავშვმა ემპათია გამოიჩინა და ითხოვა, მისი წილი თანხით სხვები ჩაგვერთო", — ამბობს ლადო.

ლადო ამბობს, რომ ის შეეცადა, ინტერნეტ-პროვაიდერებს მორიგებოდა ინტერნეტის ფასზე, თუმცა კომპანიებმა ასეთი ინტერნეტ-პაკეტების მონიტორინგის სირთულიდან გამომდინარე უარი განაცხადეს.

დღეს ქვეყანაში მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფაზე საქველმოქმედო ორგანიზაციები ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა Educare Georgia-ს პროექტი "ჩართე", რომელიც 2017 წლიდან უფროსკლასელებისთვის ინტერნეტის მიწოდებაზე ზრუნავს. პროექტის მენეჯერის, მარი გელაშვილის, თქმით, პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის საქმე გაორმაგდა.

"ჩართე" ძირითადად სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს ეხმარება, თუმცა პროექტს დახმარებისთვის ბევრი არა სოციალურად დაუცველიც მიმართავს. პროექტის ვებგვერდზე შეგიძლიათ, მოსწავლეების დაფინანსებაში მონაწილეობა თქვენც მიიღოთ.

"ვფიქრობ, როცა ქვეყანა გასაჭირშია, აქტიურმა მოქალაქეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მე იმას ვაკეთებ, რაც ჩემი მოვალეობაა, და ბევრ მასწავლებელს შეუძლია, იგივე გააკეთოს. კი, იძულებული ვარ, სახლში ვიჯდე, მაგრამ თან ფულს და დროს არ ვხარჯავ ტრანსპორტში და შემიძლია, ეს რესურსები ჩემ მოსწავლეებს მოვახმარო", — ამბობს ლადო აფხაზავა.